ჩემი მაჯებიდან
რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.
თითქოს ბავშვი ვიყო,
ისე მეტირება,
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.
ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე ასი მილიარდი,
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.
წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.
წვიმა აგვიანებს,
დგახარ ფანჯარასთან,
ისევ უძილო და ღამენათენები,
უკვე ოცდაექვსი წელი გადაფასდა,
სადღაც ულამაზოდ ჩანან ანტენები.
ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს,
მიდი,
გაუჩხირე ფილტვებს სიგარეტი,
წერე,
ძარღვებიდან სისხლი ამოქაჩე.
მთელი თავის ყალბი სიგრძე-სიგანეთი
აგებს დედამიწა კედლებს გოდებიდან,
არ ღირს ეს ცხოვრება ყოფნად პურიტანულ,
ზურგზე აიკიდე შენი ცოდვები და
ერთიც არ გამოგრჩეს უფალს მიუტანე.
მიდი,
გაიშიშვლე სულის ნაწილები,
ძვლებზე ჭუჭყიანი ხორცი აიკეცე,
ახლა პატრონობენ მიწას ნაძირლები,
ვერ აგიტანენ და
ცაში გაიქეცი.
წერენ სირეგვნეებს ახლა არნახულებს,
გმეტობს პოეზიის ვიღაც ანთოლოგი,
შენ კი ძველებურად ნერვებს ამარხულებ,
სულით შეშლილი და სისხლით პათოლოგი.
ყველა თანაგრძნობა არის სისულელე,
როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი,
გარეთ არ გამოვლენ სახლში მისულები,
მიდი,
ნუგეშია ახლა არაფერი.
მიდი,
წინააღმდეგ ყველა დინებისგან,
უნდა მოდიოდე,
წასვლის დრო თუ არის,
მიდი,
გაამტვრიე მკერდით მინები და
წითლად გადაღებე დაბლა ტროტუარი.
მიდი,
წერე შენი ყველა სიგიჟიდან,
ფეხზე დაიკიდე თუ არ გაღიარეს,
მიწა მიატოვე,
ცამ თუ მიგიზიდა,
წვიმა?
წვიმა ისევ მაგრად აგვიანებს.

No comments:
Post a Comment